თბილისის 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა
თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, აღნიშნულის გამო სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ დგას.
როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადების კონტროლის ცენტრმა განათლების სამინისტროს შეატყობინა აღნიშნულ სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შესახებ.
“შეატყობინეს სკოლასაც. დაავადების კონტროლის ცენტრს ისე აქვს სისტემა, რომ ყველა კავშირს იკვლევს, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, საკლასო სივრცეში, ასევე ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ხდება მათი გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება თავად სკოლის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, როგორც გიგაურმა აღიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განათლების სამინისტროს პერიოდულად აწვდის ამ ღონისძიებების ნუსხას და სკოლები მუდმივად ატარებენ სანიტარულ-ჰიგიენურ აქციებს.
კითხვაზე, დგას თუ არა აღნიშნული ფაქტის გამო 24-ე საჯარო სკოლაში სწავლის შეწყვეტის საჭიროება, გიგაურმა აღნიშნა, რომ სწავლის შეწყვეტის საჭიროება ნამდვილად არ დგას.