გოგა ონიანს ადანაშაულებენ – “უდანაშაულო ადამიანები ციხეში გავუშვით”

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი – ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი გამომძიებელი გიორგი შარიფაშვილი, ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გოგა ონიანს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
როგორც შარიფაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მან გიორგი ონიანის მითითებით 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძის საქმეების დოკუმენტაცია გააყალბა.
ყოფილი გამომძიებლის განმარტებით, ორივე მათგანის დაკავების მიზეზი მათი პოლიტიკური ორიენტაცია გახდა. მისი თქმით, ორივე მათგანი იმ დროისთვის პოლიტიკაში ახლად შემოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.
დაკავებული დავით შათირიშვილი სტამბის მეპატრონე იყო, რომელიც კოალიციის შეკვეთას იღებდა და მათ ლოგოიან მაისურებს ბეჭდავდა, მდინარაძე კი იმ დროისთვის კოალიციის პიარში მუშაობდა. ყოფილი გამომძიებლის განმარტებით, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ონიანს მათი მოშორება განეზრახა. საკუთარი ჩანაფიქრის სრულყოფისათვის კი ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ტარება – მოხმარებისთვის დააკავეს. როგორც ორივე საქმის ყოფილი გამომძიებელი გიორგი შარიფაშვილი ამტკიცებს, არცერთ მათგანს არც ნარკოტიკი ჰქონია და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილა. გამომძიებლის თქმით, ჩხრეკა არცერთ საქმეზე საერთოდ არ ჩატარებულა.
„ჩხრეკისას ამოღებული“ ნარკოტიკები კი მან ონიანის კაბინეტში აღმოაჩინა.
„2011 წლის ოქტომბერში, როდესაც პოლიტიკურ ასაპარეზზე ახალი გამოჩენილი იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, პოლიტიკური დაჭერები მოხდა. 2 ასეთი საქმე უშუალოდ ჩემს ხელში იყო. ამ ორივე საქმის დოკუმენტაცია მე მაშინდელი გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი ონიანის მითითებით, გავაყალბე, რის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ ადამიანების მიმართ ჩხრეკა საერთოდ არ ჩატარებულა, მათ არც ნარკოტიკი გააჩნდათ და არც მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ერთადერთი მათი დაჭერის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. ის ნარკოტიკები კი, რომელიც ვითომდა, ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული და მათ საქმეში დევს, პირდად მე გამოვიტანე ონიანის კაბინეტიდან. გარდა ჩემი ჩვენებისა, ამ საქმეში გოგა ონიანის წინააღმდე არსებობს სხვა სამართალდამცავების ჩვენებებიც, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის გამოძიებაში, დაკავებაში ან ჩხრეკაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი მაშინდელი რეჟიმის გამო ციხეში გავუშვით, რადგან მაშინ რომ ამაზე ხმა ამომეღო და შევწინააღმდეგებოდი, საფრთხის ქვეშ ჩემი ოჯახი დადგებოდა. მე ამ ბრალდების დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტაცია გამაჩნია. ამ პრესკონფერენციის შემდეგ მე მივდივარ პროკურატურაში და ჩემი ჩვენების დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს წარვადგენ“, – განაცხადა გიორგი შარიფაშვილმა. საქმე, რომელზეც ყოფილმა სამართალდამცავმა ისაუბრა, სასამართლო განხილვის ეტაპზეა. მოცემულ მომენტში ორივე დაკავებული გირაოს სახით არის გათავისუფლებული, თუმცა გიორგი ონიანი ზემოთ ხსენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილ გამომძიებელზე ზეწოლას პროკურატურა ახორციელებს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. გიორგი შარიფაშვილი პროკურატურის მხრიდან მის მიმართ ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. „გიორგი ონიანი ცდილობს ყველა შეცდომაში შეიყვანოს და აცხადებს, რომ თურმე ჩემზე ზეწოლას პროკურატურა ახორციელებს. ეს სრული აბსურდი და ტყუილია, არასდროს პროკურატურის მხრიდან ჩემს მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მე მზად ვარ მას პირისპირ ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში საჯაროდ დავუჯდე და დავამტკიცო ეს ყველაფერი“, -აღნიშნა გიორგი შარიფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები