პარლამენტის თბილისის სასახლეში “საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“- ფორუმი გაიხსნა

დღეს 4 მაისს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ – ფორუმი გაიხსნა.
მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჯანან ატილგანიმ სიტყვით მიმართეს.
სამმხრივი საპარლამენტაშორისო ფორუმის სამუშაო შეხვედრები პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში მონაწილე მხარეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: სამ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოვების ახალი მექანიზმები; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა-პასუხობს თუ არა აღნიშნული ფორმატი წევრი ქვეყნების გამოწვევას; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ძლიერი და სუსტი მხარეები; რეგულირებისა და დივერსიფიკაციის საჭიროებები.
სამუშაო შეხვედრების დასასრულს, 5 მაისს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების – საქართველო-მოლდოვა-უკრაინა – საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის თაობაზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პარლამენტი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები