შსს-მ პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების ფაქტზე 40 პირი გამოავლინა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს და ვითარებაში შემოსავლის მიღებისა და ვებ საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებგვერდებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტმომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები