კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი და სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რეზო ჩხეიძე დღეს 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს, ქ.ქუთაისში დაიბადა. იგი 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე”, „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა”, რომელმაც მოიპოვა კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს რტო” და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე.
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო” (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი” (1959), „განძი” (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი” (1962),„ჯარისკაცის მამა” (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები” (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან” ერთად, 1970), „ნერგები” (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!” (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 – უარი განაცხადა) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები