ბიძინა ივანიშვილი: ეკლესიაზე მსჯელობა კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება… ეს საბჭოთა კავშირის მსგავსი გამოდის
ყოფილი პრემიერი და „საზოგადოება 20/30“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიასა და სასულიერო პირების საქმიანობაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, გააკრიტიკოს, მაგრამ არ მოახდინოს მათი დისკრედიტაცია. როგორც ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა, საზოგადოებას დღეს ამ თემაზე საუბარი ერიდება, ხოლო იმ ნაწილის მიზანი, ვინც აქტიურად საუბრობს, არის ეკლესიის დისკრედიტაციაა.
„ეკლესიაზე მსჯელობა კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება. ზოგი მორცხვობს, ზოგი ვერ ბედავს და ძირითადად ეს საბჭოთა კავშირის მსგავსი გამოდის. ვინც გამოდის და საუბრობს, ისინი მხოლოდ დისკრედიტაციაზე მუშაობენ. კრიტიკის სურვილი კი არა, დისკრედიტაციის სურვილი აქვთ. ამას სჭირდება დაბალანსება. გამოდიან და დისკრედიტაციას ცდილობს ის ხალხი, ვისაც არ უყვარს ჩვენი ეკლესია, ვისაც არ უყვარს ჩვენი კულტურა. ჩვენ ეს გვიყვარს, გვეძვირფასება. შესაბამისად, დისკუსიების არ უნდა შეგვეშინდეს. ის, რომ ეკლესიის მსახურმა ვთქვათ, სიჩქარეს გადააჭარბა, დაარღვია და იმის იქითაც, ღმერთმა დაგვიფაროს, რაიმე უბედურებაც მოხდა, ავარია მოახდინა და ვიღაც დააზიანა და ეს დავფაროთ, დავმალოთ, არ არის სწორი. ისინი ჩვეულებრივად ჩვენი საზოგადიების ნაწილი არიან. ჩვენ გვიყვარს და იმას რასაც პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მასზე დისკუსია უნდა იყოს ერთადერთი მიზეზით, რომ ის იყოს უკეთესი, უფრო საყვარელი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა მოერიდოს და თუ რაიმე არ მოეწონა, უნდა იმსჯელოს, გააკრიტიკოს, მაგრამ არ უნდა მოვახდინოს ეკლესიისა და სასულიერო პირების დისკრედიტიაცია.