„პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტთან კონკრეტული მინისტრობის კანდიდატების შეთანხმება უნდა მოხდეს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, მინისტრების დაკომპლექტება პირდაპირ პრემიერის უფლებამოსილებაა.
„ცვლილებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გუნდში კონკრეტული მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას, მე ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ იყო კონსტიტუციიდან გამომდინარე. იცით, რომ დღეს ჩვენ ახალ რეალობაში გვიწევს მოღვაწეობა.  კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, თუმცა საუბარი ჰქონდათ პრეზიდენტთან. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა ისაუბრა.  მე თავს შევიკავებ დეტალებისგან, თუმცა პრეზიდენტი საქმის კურსში იყო ამ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის საკითხი, კალაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა.
“ამაში რაიმე პრობლემას, უთანხმოებას ნამდვილად ვერ ვხედავ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები