“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში კონფერენციას გამართავენ

თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ხვალ 12:00 საათზე, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს. კვირეულის გზავნილია “დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე!”. როგორც “კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ინფორმირება ქვეითებისა და მძღოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების თაობაზე; ასევე არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მობილიზება, რათა ერთობლივი ძალისხმევით თავიდან ავიცილოთ ავტოკატასტროფებით გამოწვეული ფატალური შედეგები.
“გამომსვლელთა მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე მოხდება კვირეულისთვის სპეციალურად შექმნილი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია ბავშვების უსაფრთხოებაზე, ხოლო კონფერენციის ბოლოს მადლობის სიგელების გადაცემა იმ ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საგზაო უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზებასა და აქტიურად იყო ჩართული ამ მიმართულებით გამართულ აქტივობებში.
“კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს, საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აშშ საელჩოს წარმომადგენლები, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი; თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი“-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მსოფლიოში 1.3 მლნ ადამიანი იღუპება და 50 მლნ იღებს დაზიანებას ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8,045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვალა და 8,536 დაშავდა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები