ტყის აღდგენის მიზნით სოფელ ცხუნკურში 343 ძირი იფნის ნერგები დაირგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში, კერძოდ ცხუნკურის სატყეო უბანზე 343 ძირი 4 წლის იფნის ნერგები დარგო. ტყის აღდგენის აქციაში მონაწილეობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ფონდის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. ფონდის აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი წყალტუბოს #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუართდა. სამინისტროს ცნობით, ტყის აღდგენის მიზნით ხეების დარგვა ფონდმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის N2371 და 26 დეკემბრის N2466 განკარგულებების საფუძველზე მოახდინა.
ტყის აღდგენის პროექტის შესაბამისად მოხდა “ჩვეულებრივი იფნის” 343 ცალი 4 წლიანი ნერგის დარგვა. “ჩვეულებრივი იფანი” ადგილობრივი პირობებისთვის დამახასიათებელი სახეობაა. პროექტის ფარგლებში შემოიღობება ის ფართობი სადაც ნერგების დარგვა მოხდა (საქონლისაგან ნერგების დაცვის მიზნით). გარდა ნერგების დარგვისა, პროექტი ნერგების 5 წლის განმავლობაში მოვლას ითვალისწინებს . ნარგაობების გაშენების შემდგომ წელს დადგინდება გახარების პროცენტი და განხორციელდება შევსების სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს N242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესი“-თ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ხეების დარგვის მიზნით გამოყოფილი იქნა ტერიტორია იმერეთის რეგიონული სამსახურის წყალტუბოს სატყეო უბნის, ცხუნკურის სატყეოს კვარტალ N 8-ის მე-9 ლიტერში. ზემოაღნიშნული ფართობებისთვის შედგენილი იქნა ტყის აღდგენის პროექტი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N-241 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის მოვლისა და აღდგენის წესი“-თ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც დამტკიცდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები