მერაბ ჭანუყვაძე – ოზურგეთი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის სამაგალითო იქნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მეცხოველეობის განვითარებაზე ზრუნვას იწყებს.

მემორანდუმი, რომელსაც დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორმა თამარ ყაჭაშვილმა მოაწერეს ხელი, მეცხოველეობის დარგების განვითარების მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.

”სანდო გენეტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები, ევროპის ქვეყნებში აპრობირებული ხელოვნური განაყოფიერების მეთოდები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ჯიშების გამოყვანა, გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის განვითარება, სწორედ ამ მიმართულებებით „კავკასიის გენეტიკასთან“ ერთად სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. მუნიციპალიტეტი სოფლებზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობის განვითარებაზე ზრუნვა იქნება. ვიქნებით ცენტრალური რგოლი და სამაგალითო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც ამ პრაქტიკის დანერგვას დაიწყებს. მადლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერისთვის. თანხები, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩაიდო, მიზნობრივად გაიხარჯება და თავის ლოგიკურ შედეგს მოიტანს”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
დაინტერესებული პირებისთვის კომპანია მეცხოველეობის საკითხებზე კონსულტაციებსა და ტრენინგებს გამართავს. ის რძის სექტორის ექსპერტებს, სელექციონერებს და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებს აერთიანებს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერულ მეურნეობებს და მეცხოველეობის დარგს ემსახურება. ის დღეისათვის, წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები