ეგვიპტის პირამიდებთან სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი გაიმართება
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეგვიპტეში, გიზას პირამიდებთან ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.
კონცერტი ორგანიზებულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიერ. ღონისძიების დეტალები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილმა და ეგვიპტეს ტურიზმის მინისტრმა ხალიდ რამიმ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს კონცერტი საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურება იქნება.
სუხიშვილების ანსამბლი 1945 წელს დაარსდა, ამჟამად მისი ოფიციალური სახელწოდებაა საქართველოს ნაციონალური ბალეტი, მაგრამ მას კვლავ სუხიშვილების ანსამბლს უწოდებენ, მისი პირველი ხელმძღვანელის ილიკო სუხიშვილის პატივსაცემად.