პარლამენტი ორშაბათს ხიდაშელისა და აგულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა მინისტრების პოსტზე წარდგენილი დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტის პროცედურები განმარტა.
როგორც კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კანონმდებლობასთან შეუთავსებლობის გამო მათ პარლამენტის წევრების სტატუსი შეუწყდებათ.
გიორგი კახიანის განკარგულებით, უკვე ჩაინიშნა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც კანონმდებლები აგულაშვილისა და ხიდაშელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ.
„ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გამო აღმოჩნდა, რომ ორი პარლამენტარი ერთდროულად საკანონმდებლო ორგანოს წევრიც არისდა მინისტრიც. ასეთ დროს ხდება თანამდებობრივი შეუთავსებლობა და პირს პარლამენტის წევრის სტატუსი უწყდება. ორშაბათს ჩავნიშნე კომიტეტის სხდომა, სადაც აგულაშვილისა და ხიდაშელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მას ბიუროს გადავუგზავნით, რის შემდეგაც პარლამენტი მათთვის პარლამენტის წევრის შეწყვეტის სტატუსს დაამტკიცებს“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხებათ მათ ადგილმონაცვლეებს, კახიანის განცხადებით, გიგლა აგულაშვილი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით იყო და მის ადგილს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი სიაში მის შემდგომ მყოფი პირი დაიკავებს. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ის საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ამიტომაც მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ დღის წესრიგში აღნიშნულ რაიონში არჩევნების ჩატარება დგება. კახიანის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავს ამ დროისთვის მარტვილის რაიონსაც. მისი განცხადებით, მარტვილსა და საგარეჯოში არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები: თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები