ბრიტანელი ფოტოხელოვანი „ქოლგა თბილისი ფოტო 2015“-ზე

ბრიტანეთის საბჭო უკვე მეოთხე წელია თანამშრომლობს „ქოლგა თბილისი ფოტო 2015″-თან, რომელიც ქართველ და უცხოელ ფოტოხელოვანებს და კურატორებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენებში, ვორკშოპებსა და შეხვედრებში. წელს ბრუტანეთის საბჭოს ხელშეწყობით გამოფენაში საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანელი ფოტოხელოვანი ბრაიან გრიფინი მიიღებს მონაწილეობას, რომლის სახელწოდებაა „კომპრომისი არ იქნება’’ და რომელიც გაიმართება 3-7 მაისს ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. გამოფენის ოფიციალური გახსნა შედგება 3 მაისს, 20:00 სთ-ზე.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი ფოტოხელოვანი „ქოლგა თბილისი ფოტო 2015“-ის ფოტოკონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრიცაა. ბრაიან გრიფინი 1 და 2 მაისს გამართავს ვორქშოფებს პორტრეტების თემაზე, რომლებშიც მონაწილეობა შეეძლებათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოხელოვანებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. 1989 წელს მოდების სახლ „კომ დე გაღსონის“ დაკვეთით მან ფოტოსესია ჩაატარა საქართველოში.
ბრაიან გრიფინი დაიბადა 1948 წლის 13 აპრილს, ბირმინგემში. ფოტოგრაფიას 1969-72 წლებში სწავლობდა მანჩესტერის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1972 წლიდან ლონდონში ცხოვრობდა და თავისუფალ ფოტოგრაფად მუშაობდა. 1972 წლის ნოემბერში მან ჟურნალ Management Today-სგან პირველი შეკვეთა მიიღო. 1975 წელს პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები ჯგუფურ გამოფენაში „ახალგაზრდა ბრიტანელი ფოტოგრაფები“. 1987 წელს საფრანგეთის ქალაქ არლის საპატიო მოქალაქეობა მიიღო. 1988 წელს გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „Work“, რომელიც 1991 წელს ფოტოფესტივალ „ფოტოგრაფიულ გაზაფხულზე“ ბარსელონაში ეს წიგნი მსოფლიოს საუკეთესო ფოტო-წიგნად დაასახელეს. წიგნის გამოცემას მიუძღვნა პერსონალური გამოფენა პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში. 1989 წელს გაზეთმა Guardian, ბრაიან გრიფინი „ათწლეულის ფოტოგრაფად“ აღიარა. ხოლო ჟურნალმა Life, სპეციალურ გამოცემაში, რომელიც 1980-იანი წლების საუკეთესო ფოტოებს ეძღვნებოდა, მისი ფოტო „გატეხილი ჩარჩო“ თავის გარეკანზე დაბეჭდა. 1991-დან 2002 წლამდე ის სატელევიზიო რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეოებს და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა. 2003 წელს მონაწილეობდა კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო ბირმინგემის ევროპული კულტურის დედაქალაქად გამოეცხადებინათ; ამ კამპანიის ფარგლებში, 2005 წელს, რეიკიავიკის (ისლანდია) ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების რეტროსპექტიული გამოფენა მოეწყო. 2009 წელს ის დერბის ფოტო ფესტივალს ჩაუდგა სათავეში და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას. 2009 წელს, ლორდ კოესა და დეიმ ქელი ჰოლმსთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადის აღსანიშნავად, ფოტო პროექტი „გზა 2012 წლისკენ“ პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გამოფინა. 2010 წელს გაიმართა მისი პორტრეტების ყველაზე მნიშვნელოვანი რეტროსპექტივა, სახელწოდებით „პირისპირ“. 2013 წლის სექტემბერში, თავისი კარიერისთვის სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოებისგან „საუკუნის მედალი“ მიიღო. 2013 წელს, მარსელ პროვანსის ევროპული კულტურის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ბრაიან გრიფინს ამ ქალაქის მხარდასაჭერი გამოფენების გამართვა შესთავაზეს. ამავე დროს, ბირმინგემის ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობასა და გახსნასთან დაკავშირებით, მიიღო შეკვეთა პროექტისა „საცნობარო სამუშაოები“, რომელიც წიგნის გამოცემას და გამოფენის მოწყობას გულისხმობდა. 2013 წლის ოქტომბერში, ბოლონიაში (იტალია) მისი კორპორატიული ფოტონამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა. 2014 წლის 3 მარტს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მან ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.
„ჩვენ მოხარულნი ვართ რომ „ქოლგა თბილისი ფოტო“ ყოველწლიურად სულ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ინოვაციებს სთავაზობს ხელოვნების მოყვარულებს და ჩვენი თანამშრომლობის წარმატებაც სწორედ ამით არის განპირობებული“.
ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. www.britishcouncil.org
„ქოლგა თბილისი ფოტო 2015“ – 14 წლის მანძილზე, ფოტოკონკურსის ყოველწლიურად წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბოლო პერიოდის მთავარ მოვლენად „ქოლგას“ კონკურსის რებრენდინგი და „ქოლგა თბილისი ფოტოდ“ გარდაქმნა შეიძლება ჩაითვალოს. 2012 წლიდან, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს, რომლებზეც წარმოდგენილია როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები