კულტურის მინისტრი ნორჩ მეცნიერებს და გამომგონებლებს შეხვდა
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სხვადასხვა ქვეყნის ნორჩ მეცნიერებსა და გამომგონებელებს შეხვდა.
1-დან 3 მაისის ჩათვლით, თბილისში ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეცხრე საეთაშორისო ოლიმპიადა – IYIPO 2015 გაიმართება. წელს ოლიმპიადაში 100-ზე მეტი პროექტი და 300-მდე გამომგონებელი მონაწილეობს.
დღეს „თბილისი მოლში“ ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატთან ერთად ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად გაეცნო ახალგაზრდების გამოგონებებსა თუ კვლევის შედეგებს და საუკეთესო პროექტების ავტორებს გამოავლენს.
დახურვის საზეიმო ღონისძიება 3 მაისს, 16:00-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრება.
გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზთან ერთად ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ. ღონისძიების მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი ინოვაციური გამოგონებების პოპულარიაზაციაში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებასა და ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას.
ოლიმპიადა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-9 საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad –IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები“. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.
ოლიმპიადის მხარდამჭერი არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ევროკავშირი, საქპატენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.