დღეს მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ გაიხსნება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-7 მაისს რიგით მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ გაიმართება.
დღეს, 20:00 საათზე, ფესტივალის გახსნის ცერემონიას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება და გამარჯვებულს ნომინაციაში „ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ტრადიციულ პრიზსა და პრემიას გადასცემს.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით Rooms Hotel Tbilisi გაიხსნება.
წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. წლის საუკეთესო ნამუშევრები კი 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა. 1-დან 5 მაისის ჩათვლით KOLGA TBILISI PHOTO 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. ფოტოკვირეულის განათლების სექციის ფარგლებში კი საერთაშორისო ფოტოექსპერტები 6 ვორქშოფს ჩაატარებენ. KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შახ აივაზოვის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ომის ხაზი“.
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და „ჯეოსელის“ მობილური ფოტო – ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ.
„ქოლგა, თბილისი, ფოტო 2015“ უკვე მე-14 წელია ტარდება და ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.