შსს-ში „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის თავზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის ერთი წლის მუშაობის შედეგები შეჯამდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ შს-სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონმა სამართლებრივ რეგულირებას დაუქვემდებარა ე.წ. „ბიოები“ და „სპაისები“, რაც მანამდე უკონტროლოდ შემოედინებოდა საქართველოში და ქვეყნისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.
შსს-ს ავტორობით შემუშავებული კანონი ეყრდნობა ოთხი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას. ახალი კანონი ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეინიშნება ბიონარკოტიკის მოხმარების კლების შთამბეჭდავი, კერძოდ, 90%-იანი კლება. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული ნარკოტიკით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები და მინიმუმამდეა დაყვანილი ბიონარკოტიკით გამოწვეული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობა. აგრეთვე, კანონის საფუძველზე შექმნილია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომელიც ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ბიონარკოტიკებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და რეაგირებს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, უზრუნველყოფს კანონის ეფექტურ აღსრულებას.
ერთი წლის განმავლობაში კომისიის 12 შეხვედრა ჩატარდა. ამასთან, კანონის საფუძველზე და კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საჯაროობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს ოფიციალურ საიტზე (police.ge) განთავსებული ნარკოპოლიტიკის ახალ ვებ-გვერდზე ცალკე გრაფა ეთმობა კომისიის საქმიანობას, მათ შორის, ყოველკვარტალურად ქვეყნდება კომისიის საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
სახელმწიფო კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივები და მათ აღსასრულებლად განხორციელებული ღონისძიებები, საზედამხედველო მექანიზმის არსებობა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული საქმიანობა, პრევენციული ღონისძიებები და ანტინარკოტიკული კამპანია: „არა ბიონარკოტიკს – ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.
კომისიის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლიტიკის ყველა სეგმენტმა ეფექტურად იმუშავა და ერთობლიობაში უზრუნველყო დადებით შედეგების მიღწევა“, -აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები