გურამ დოჩანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და კლასიკოსისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის – „მიჩინიო“ წარდგინება გაიმართება
დღეს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, მწერალ გურამ დოჩანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და კლასიკოსისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის – „მიჩინიო“ წარდგინება გაიმართება. კრებულში შესულია გურამ დოჩანაშვილის რამდენიმე ნაწარმოების მიხედვით მისი პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციები, რომელიც შესრულებულია მხატვრების – ზაზა ჯალაღონიას და ჯანსუღ ჭურღულიას მიერ. ასევე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვა. წიგნის რედაქტორია ზაალ ჯალაღონია.
ღონისძიებას დაესწრებიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, მსახიობი თამარ დათუაშვილი, მწერლის ახლო მეგობრები და ნათესავები. საღამოზე მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ოდოია“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საინიციატივო ჯგუფი „ვიზრუნოთ პატარებზე“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ოდიში“, ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.