რონ კარტერი თბილისშია
სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცნობილი კონტრაბასისტი რონ კარტერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, „თი-ბი-სი“ ბანკის, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.
ლეგენდარული კონტრაბასისტი და მისი ტრიო 30 აპრილს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავენ. ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით, 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა.
ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება. ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზმომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა.
ღონისძიების მხარდამჭერია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „თიბისი“ ბანკი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.