პაატა დავითაია კახა კუკავასა და ირაკლი ღლონტის დაკავებას ეხმაურება

პარტია „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია კახა კუკავასა და ირაკლი ღლონტის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც პაატა დავითაიამ „კვირას“ განუცხადა, მისთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური მართვის პროცესში პოლიტიკოსებს აკავებენ. პაატა დავითაია ხელისუფლებას მიმართავს, რათა კახა კუკავას, ირაკლი ღლონტის, ბეჟან გუნავასა და ნიკოლოზ კირვალიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ გამოიყენონ.
მისივე თქმით, თუ ამ პოლიტიკოსების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გამოიყენეს, ეს ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ყოვლად მიუღებელია, როდესაც საქართველოში პოლიტიკური პროცესის წარმართვის დროს, პოლიტიკური აქტივობის პერიოდში პოლიტიკოსებს აკავებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი თავიან პროტესტს გარკვეული საკითხის მიმართ, კონკრეტულად კი „სითი პარკის“ მიმართ გამოხატავდნენ. ეს არის დევნა პოლიტიკური ძალების მიმართ. პოლიტიკოსები პროტესტს გამოხატავდნენ „სითი პარკის“ ქმედებებთან დაკავშირებით და ამ მომენტში მოხდა დაკავება. ეს ნიშნავს პოლიტიკური პროცესების ხელისშეშლას, რაც ქვეყნისათვის სერიოზულად იმიჯის შემლახველია. როდესაც ხდება პოლიტიკური პროცესების წარმართვის დროს ორი პოლიტიკური პარტიის ლიდერის – კახა კუკავასა და ირაკლი ღლონტის დაკავება, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს ლახავს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი და მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ გამოუყენონ“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, მისი თანაგუნდელი ბეჟან გუნავა, პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი და მისი მოადგილე ნიკოლოზ კირვალიძე დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება „დეზერტირის“ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ისინი „სითი პარკის“ თანამშრომლებს არ აძლევდნენ უფლებას, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაეყვანათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები