IDFI: 2014 წელს C ჰეპატიტით ინფიცირება 644-ით გაიზარდა
2013-2014 წლებში C – ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების 4 690 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული. ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა 564 ფიქსირდება. დღეიდან დაწყებული c ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ხშირ შემთვევაში მათთვის ხელმიუწვდომელი მკურნალობით, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს c ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაზე.
„რაც შეეხება აივ-ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებულ რაოდენობას, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006-2012 წლებში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს 3641-ს მიაღწია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3298-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის ბოლოს ეს რიცხვი 281-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია IDFI-ის მასალაში.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა – 564 აღინიშნა.