სააკაშვილის მიერ დანიშნული 25 მოსამართლე სამსახურიდან დაითხოვეს

 ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნულ 25 მოსამართლეს უფლებამოსილების გაგრძელებაზე უარი ეთქვა და მათ ადგილას უკვე ახალი მოსამართლეები დაინიშნენ. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ “ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ვულოცავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, 25 მოსამართლე აღარ დაინიშნა. იმ მოსამართლეებიდან, რომლებთანაც წლების განმავლობაში პრეტენზიები გვქონდა, მათგან ერთი ალექსანდრე იოსელიანიც გაუშვეს. ამ ადამიანს ვაფრთხილებდი, თუ არ შეეშვებოდა ბინძური საქმეების კეთებას, უმუშევარი დარჩებოდა, მაგრამ არ დამიჯერა. დარჩენილი მოსამართლეებიდან ზოგს ორი წელი აქვს დარჩენილი, ზოგს 4 წელი… ახლა გადავიდეთ იმაზე, რა ხდება სასამართლო სისტემაში: როგორც იცით, ზონდერ-მოსამართლებს კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. აქ ყველაზე მეტად აქტიურობდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. კოტეს წასვლის შემდეგ მთელ სასამართლო სისტემას ისევ ცერცვაძე განაგებს. მეტიც, ის უპირისპირდება უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს.
ქალბატონმა ნინომ მკაცრად დააყენა საკითხი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საქმეებს უნდა იხილავდნენ. დღეს მოსამართლეები გადატვირთულები არიან, ვადებში ვერ ეტევიან და ამ დროს ფეოდალი თავმჯდომარეები საქმეებს საერთოდ არ იხილავენ. ვალერი ცერცვაძემ თავის კაბინეტში დაიმუქრა, არც საქმეებს განვიხილავ და ვერც ხახვს დამაჭრის ყურებზე ვინმეო. ესენი წლების განმავლობაში დადიან მანქანებით, მძღოლები ჰყავთ და ბიუჯეტიდან ფულს ხარჯავენ. უზენაესის თავმჯდომარეს მანქანა რომ ემსახურება, ეს გასაგებია, მაგრამ დანარჩენები ვინ არიან?“, – აცხადებს ადვოკატი.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ვალერი ცერცვაძეს მთავრობიდან მფარველობენ.
,,მინდა დღევანდელ მთავრობას ვუთხრა: უკვე ვხსნი კარტებს, ძალიან ბევრი რამე ვიცი, გაფრთხილებთ, მთლად ვალერი ცერცვაძის იმედზე ნუ იქნებით, ეს ადამიანი გადამგდებია. როდესაც საქმეები საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადავა, მერე ნახავთ გადაგდებების სერიებს. ცერცვაძეს მთავრობიდან მფარველობენ“,- ამბობს ხაჭაპურიძე. ადვოკატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სახელმწიფო აუდიტი შეუშვას და სიტუაცია კარგად შეისწავლონ.
,,თუ გვენეტაძესა და ამ მთავრობას უნდათ, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ცერცვაძე-ადეიშვილის ეპოქა, ერთ ფაქტს შევახსენებ: ჩვენთან არსებობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რომელიც სასამართლოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, რა თანხების გადაქაჩვა, გადმოქაჩვა და გაფლანგვა მიდის. კუბლაშვილის წასვლამდე ორი თვით ადრე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადადგა. ეს კაცი მიხვდა, რომ დამიჭერენ, რაღაც უბედურება დამემართებაო. როგორც ვიცი, იქ ახალი თავმჯდომარე ჯერ არ დანიშნულა. ქალბატონ გვენეტაძეს მივმართავ: ამ დეპარტამენტის შემოწმება დაიწყეთ, ლოდინი აღარ დაგჭირდებათ, ვისაც ამოეწურება ვადა, პირდაპირ ციხეში მოუწევთ წასვლა. ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან კარგად იცით სასამართლოების სისტემა, ოფიციალურად მოიწვიეთ სახელმწიფო აუდიტი და გაარკვიეთ, რა ხდება“,- აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურაც სააკაშვილი-ადეიშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული და სანამ ისინი თანამდებობებს იკავებენ, სამართლიანობა ვერ აღდგება. ,,სააკაშვილმა თავის დროზე სასამართლო სისტემაში მლიქვნელი და კორუმპირებული მოსამართლეები შეყარა. მან დაამკვიდრა რაღაც ,,ნოუ ჰაუები“, რაც გადიოდა ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაზე. ნახეთ, რა დღეშია პროკურატურა, ისევ ადეიშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული და პანტა-პუნტით გამოდის გამამართლებელი განაჩენები. ადრე საბრალდებო დასკვნები ტომებად იწერებოდა, იცით, ახლა საბრალდებო დასკვნა რამდენი ფურცელია? სულ ორი გვერდი. აი, ეს არის სულ ამათი იურისტობა. ჩვენ ისეთი პროკურორები და მოსამართლეები გვინდა, რომლებიც ხალხს სიმართლეს აპოვნინებენ და სააკაშვილი-ადეიშვილის სასარგებლოდ ჩალიჩს არ დაიწყებენ“,-განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები