მინდია ჯანელიძემ გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის, თავდაცვის კომიტეტის წევრს, ფრიც ფელგენტროის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო:

„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. გერმანია აქტიურად არის ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ყველა უწყებასთან და, რასაკვირველია, გერმანიის ბუნდესტაგთან ურთიერთობის გაღრმავებას მივესალმებით. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურება იყო. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გარემო და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ფრიც ფელგენტროის განცხადებით, ვიზიტის მიზანს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციისა და უსაფრთხოების გარემოს გაცნობა წარმოადგენს:

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია გავცნობოდი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და თქვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ასევე, ვისაუბრეთ უელსში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესისა და იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია“.

შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. გერმანელმა სტუმარმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა. ფრიც ფელგენტროი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები