ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საშუალო თვიური ანაზღაურება 13 ათასი ლარია

ფინანსისტი გიორგი ჩახაია, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო კომპანიების თანამდებობის პირთა მიერ 2013-2014 წლებში მიღებული შრომის ანაზღაურების მონაცემებს ასაჯაროვებს. ამ საკითხზე ფინანსისტმა გაზეთ ,,ალიასთან“ ისაუბრა. ჩახაიას ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიის გიორგი ქადაგიძის საშუალო თვიური ანაზღაურება 13000 ლარია. მან თანამდებობის სხვადასხვა პირის შემოსავალზეც ისაუბრა.
ნათია ზაალიშვილი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი; საშუალო თვიური ანაზღაურება აქვს 6 991 ლარი. ირაკლი ცივაძე – ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი, რომლის საშუალო თვიური ე.წ. ხელზე ანაზღაურება 10 335 ლარია. გოჩა შონია – ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი, მისი თვიური თანამდებობრივი სარგო 18 952 ლარს შეადგენს.
სულხან ზუმბურიძე – სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის თვიური ხელფასი 17 558 ლარია. კახა ბექაური – კომუნიკაციების ეროვნული კომისის წევრი, ის თვიურად ხელზე 16 856 ათას ლარს იღებს. ფინანსისტის შეფასებით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ისევე როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, დღესაც კვლავ ,,ასტრონომიული ხელფასები“ აქვთ. ,,ამ მხრივ, ხელისუფლების ცვლილებას შედეგი არ გამოუღია. ამ მონაცემებში ასახულმა ასტრონომიულმა ხელფასებმა დაგვანახვა, რომ შარშან ღარიბაშვილის შეშფოთება და დაინტერესება მაღალ ხელფასებზე ტყუილი ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არნახული ხელფასები 40-70%-ით უნდა შეემცირებინათ“,- აღნიშნავს ჩახაია. ის ექსპრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 5 ათასი ლარით შესაძლებელია კარგი სპეციალისტის დაქირავება. ,,ასევე, მახსოვს, ახლო წარსულში ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ 5 ათასი ლარი ის მინიმუმია, რითაც შესაძლებელია კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მინისტრი მყავსო. ჯერ ერთი, ბატონო ბიძინა, თქვენი მინისტრების უმრავლესობას 5 ათასი ლარის კვალიფიკაცია-პროფესიონალიზმი არ აქვთ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო კომპანიებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს დაახლოებით 9, 10, 12, 16, 18, 20 ათასები აქვთ ყოველთვიურად. რა 5 ათასი, ათი ათასობით აქვთ ზოგიერთებს ანაზღაურება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. რა კვალიფიკაცია აქვთ ამ ადამიანებს და რას აკეთებენ ისეთს ქვეყნისთვის, რომ ყოველთვიურად ათიათასები ეკუთვნით?“,- აცხადებს ფინანსისტი. ჩახაიას შეფასებით, სახელმწიფო ჩინოვნიკები კოლოსალურ ხელფასებს იმ პირობებში იღებენ, როცა ქვეყნის მოქალაქეთა 70%-ის საშუალო ანაზღაურება 400 ლარზე ნაკლებია. ,,როდესაც საქართველოში ხელფასზე მომუშავე დასაქმებული ადამიანებიდან 65-70%-ის საშუალო თვიური ანაზღაურება 400 ლარი და ნაკლები აქვს, ამ პირობებში სახელმწიფო ჩინოვნიკებს რატომ ეკუთვნით ასეთი ,,ასტრონომიული ხელფასები“, უბრალოდ, ვერ ვხვდები. მე პირადად ვიცნობ ასაკოვან ქალბატონს, რომელიც 83 წლისაა და იმის გამო, რომ მატერიალურად ძალიან უჭირდა, ამ ასაკის ქალბატონი ერთ-ერთი საოფისე შენობის დამლაგებლად მუშაობდა და თვეში სამარცხვინო 80 ლარი ჰქონდა. უბრალოდ, სირცხვილია, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს არის ქვეყანა, სადაც 83 წლის ქალბატონი სიღარიბის გამო იძულებულია იმუშავოს და 80 ლარი ჰქოდეს ხელფასი, ხოლო სახელმწიფო თანამდებობის პირებმა ყველა მოქალაქის ხარჯზე, 10 და 20 ათასები მიიღონ თვიური ანაზრაურების სახით“,- აცხადებს გიორგი ჩახაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები