ეგვიპტური საინფორმაციო სააგენტო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღებულ პროგრესზე წერს

ეგვიპტის ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტომ MENA-მ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის პრესაში და დაიბეჭდა ისეთ ინტერნეტგამოცემებში, როგორიც არის almasryalyoum და youm7.
პრესას მონაცემები ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ მიაწოდა. სტატიებში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ განსაკუთრებულ წარმატებაზე.
„საქართველომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შედეგად პოსტ–საბჭოთა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ იქცა. ამ მიმართულებით 2014 წელს საქართველო კორუფციის რისკის ქვეყნების ინდექსით 197 ქვეყანას შორის 11-ე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ნორვეგია, საფრანგეთი, ჰოლანდია და სხვა. მსოფლიო ბანკის განცხადებით, „საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია“. საქართველომ დაამტკიცა, რომ ძლიერი პოლიტიკური ნებისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედების შემთხევაში ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა მოკლე დროში შეიძლება“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო 2014 წელს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით 183 ქვეყანას შორის 8 ადგილზეა. ამასთან, საქართველო პირველ ადგილზეა საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივით და მეორე ადგილზეა სამშენებლო ნებართვების მიღების მიმართულებით. სტატიის თანახმად, ამჟამად საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ევროპული დემოკრატიის მსგავს საფეხურზე გადავიდა, რაც მეტი ინფორმაციის მიწოდების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საზოგადოების ჩართულობით, მეტი გამჭვირვალობის მიღწევას ისახავს მიზნად. კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბება საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი პრიორიტეტია, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება, იუწყებიან ეგვიპტური გამოცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები