საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან აღნიშნულ შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ტოდ ჩეპმენი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი.
შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებებით საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აშშ-მა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში დადებითად შეაფასა და კვლავაც დაადასტურა მზაობა გააგრძელოს და გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
მხარეებმა უსაფრთხოების სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები განიხილეს, როგორიცაა: კრიზისების მართვა, საზღვრის დაცვა, კონტრტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ამ სფეროებში ამერიკასთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობა. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხი და ამ პროცესში აშშ-ის როლი დეტალურად განიხილეს. შეერთებული შტატების დელეგაციამ ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ-მა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები