ნუკრი ქანთარიას ყალბი დიპლომების გამცემის ლობირებაში ადანაშაულებენ

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პედაგოგი მარინა მიქაუტაძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ყალბი დიპლომების გამცემის ლობირებაში ადანაშაულებს. მიქაუტაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ბრალდებებს უყენებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს გოგი გაბაშვილს, ასევე – კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს.
მისი მტკიცებით, 2007 წლიდან კინოსა და თეატრის უნივერსიტეტიდან 5000-მდე ყალბი დიპლომი გაიცა. როგორც მიქაუტაძე აცხადებს, დიპლომთან დაკავშირებით პრობლემა ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტს ლიკა ლაბაძესაც შეექმნა. ლაბაძეს თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
„2007 წლიდან კინოსა და თეატრის უნივერსიტეტიდან 5000-მდე ყალბი დიპლომი გაიცა, რომლის ნამდვილობას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს. ამ ფაქტის შესახებ ჩვენება მივეცით პროფესორ-მასწავლებლებმა და ამის გამო ჩავაბარეთ კიდეც 12- პუნქტიანი წერილი კულტურის სამინისტროში, მაგრამ აუდიტები ამ წერილს არ გასცნობიან, იმიტომ, რომ იქ ზის მანანა ბერიკაშვილი. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ გამოუსადეგარი დიპლომების გვერდით, რომლებსაც სახელმწიფო არ აღიარებს, ასევე გაცემულია თეატრალურ უნივერსიტეტში ნამდვილი დიპლომებიც, რომლებიც ნამდვილად ატარებს სახელმწიფო სტანდარტებს.
12- პუნქტიან გეგმაში ჩავწერე, შეისწავლეთ ეს საკითხი, რომ რექტორი მარგველაშვილი და ტატა ვეფხვაძე, რომელიც არის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, როგორ ათანხმებდნენ, ვის როგორი სტანდარტის დიპლომი უნდა ჰქონოდა. მაგრამ მათ ეს საკითხი საერთოდ არ შეისწავლეს. თუმცა არ გაგვკვირვებია, რადგან მივხვდით: მანანა ბერიკაშვილი ლობირებს მარგველაშვილს. 2010 წელს ამ უმაღლესმა სასწაველებელმა გაიარა აკრედიტაცია, მაინტერესებს, აკრედიტაციის დროს როგორი დიპლომი წარუდგინეს განათლების სამინისტროს, რადგანაც თუ დიპლომს ვერ წარადგენ, აკრედიტაციას ვერ გაივლი -ამაზე დღემდე პასუხი არ არის“,-აცხადებს ნინო მიქაუტაძე.
მისი თქმით, რექტორ გოგი მარგველაშვილის ყველაზე ძლიერი ლობისტები არიან კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ასევე, დეპუტატი ნუკრი ქანთარია.
“ნუკრი ქანთარია არის ჩვენი უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ასევე, აკადემიური საბჭოს წევრიც. მოკლედ, მარგველაშვილს საკმაოდ ძლიერი ბარიკადები აქვს, რის გამოც პროკურატურას ხელ-ფეხი აქვს შეკრული. ახლა თქვენთვის ხომ ნათელია, რატომ არ აწყობთ ამ საქმეების გაქექვა? ქანთარია გოგი მარგველაშვილს ამშვიდებს, 20 წლის მერე ამ დიპლომების საქმე აღარავის ემახსოვრებაო, გამოდის, რომ 20 წელი ეს საქმე არავინ უნდა გამოიკვლიოს? რადგანაც გავიგეთ, რომ პროკურატურაში ყველა საქმეს აქვს ხანდაზმულობის ვადა, მათ შორის სისხლის სამართლის საქმესაც. არადა, ამ საქმეს აქვს მინიჭებული სისხლის სამართის 332-ე მუხლი, რომ კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლიდან ოთხი სახის დიპლომი დაიბეჭდა.
კითხვაზე, თუ როგორ გაირკვა ყალბი დიპლომების ამბავი, მარინა მიქაუტაძე ამბობს, დიპლომთან დაკავშირებით პრობლემა ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტს ლიკა ლაბაძეს შეექმნა. ლაბაძეს თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
“ლიკას ამერიკაში სურდა განათლების მიღება და ამერიკის კონსულმა უთხრა, ვერ გაგიშვებთ, იმიტომ, რომ დიპლომია ყალიო. გამოდის, რომ გოგი მარგველაშვილმა და ტატა ვეფხვაძემ მას ფარატინა ქაღალდი შეაჩეჩეს, ლიკა ლაბაძემ მთელი ხარისხის ცენტრი დააყენა ფეხზე და მოახერხა ნამდვილი დიპლომი გაეტანა. ამ დროს მისმა ძალიან ბევრმა ჯგუფელმა საერთოდ ვერ შეძლო“, -აცხადებს“ მარინა მიქაუტაძე “კვირის ქრონიკასთან“.
“კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი მიქაუტაძის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. “მშვენივრად იცის მაგ ქალბატონმა, რომ დიპლომების ამბავი ტყუილი და მტკნარი სიცრუეა. ეს ადამიანი არის ძალიან რთული ხასიათის, მე ამას ძალიან რბილად ვამბობ, მასთან კამათს არავითარი აზრი არ აქვს და ის ჯიუტად ამტკიცებს იმას, რაც მას ეჩვენება, ყალბი დოკუმენტი შეიძლება გამოცვლას ექვემდებარებოდეს? ყალბი საბუთი მხოლოდ ნადგურდება და ყალბი საბუთის გამცემი დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა, დოკუმენტში ხარვეზი შეიძლება იყოს, მაგრამ სიყალბე ეს არ არის და ეს ხომ უმარტივესია? მეტი რა გითხრათ?“-აცხადებს გოგი მარგველაშვილი.
ბრალდებებს პასუხობს ნუკრი ქანთარიაც. “ლობისტი ვარ, ცხადია, ამ უნივერსიტეტის და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ვიყო ლობისტი, რადგანაც ეს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია და შევეცდები, რომ აქ ყველაფერი კარგად იყოს“,-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები