საპატრულო პოლიცია ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელების განათლების პროექტში ჩაერთო (ვიდეო)

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებს ეწვია. სტუმრები ბავშვთა სახლში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და მათ აღმზრდელებს შეხვდნენ, არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს „ჩემი სახლი“-ს ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ საგანმანათლებლო პროექტი „ცოდნა მომავლისთვის“ გააცნო, რომლის განხორციელება იგეგმება. სამინისტროს ცნობით, პროექტი განსაზღვრულია 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის. პროექტის – „ცოდნა მომავლისთვის“ სოციალურად დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. „ჩემი სახლის“-ს აღსაზრდელები შეისწავლიან: ალგებრას, გეომეტრიას, უნარ-ჩვევებს, ინგლისურ ენას (ჯგუფური და სააბიტურიენტო პროგრამით), თექის ხელოვნებას, ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, მუსიკას, რაც მოზარდებს ინტელექტუალური, შემეცნებითი და შემოქმედებითი ბაზის გაღმავების საშუალებას მისცემს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, „ჩემი სახლი“-ს 20 აღსაზრდელის სწავლისთვის საჭირო თანხებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვთა სახლთან არსებულ ფონდში გადარიცხავენ. შეხვედრის დასარულს აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი თექის ნამუშევრები წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები