დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება, 2015 წლის 1 მაისის ნაცვლად, 15 მაისამდე გაგრძელდება. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.
განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16; ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; რუსთავი, ვახუშტის ქ. N8; გორი, შმაგის ქ. N1.