“ალია” – დოკუმენტები, რომლითაც მერიაში კორუფციული გარიგებები იშიფრება

თბილისის მერიაში რომ კურუფციული სქემა არსებობს, რასაც დოკუმენტური მასალებიც ადასტურებს, – ამის შესახებ გაზეთი ,,ალია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაშლილ ან არშემდგარ ტენდერებს, რომელთა გაუქმების შემდეგაც, ხელშეკრულებებს კონკრეტულ ფირმებთან პირდაპირი წესით აფორმებენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ, გამოცემას მერიის მიერ ჩაშლილი ტენდერებისა და ერთ პირთან გამარტივებული წესით გაფორმებული საეჭვო ხელშეკრულებების დოკუმენტური მასალა მიაწოდა.
,,2014 წლის აგვისტოში თბილისის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე გზის საფარის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციისთის. სადენდერო ფასი 302 ათასი ლარი იყო. ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. მერიას ყველაზე დაბალი ფასი, 250 ათასი ლარი შპს ,,დაჩიმ“ შესთავაზა. ამის შემდეგ, 2014 წლის 25 აგვისტოში სატენდერო კომისიის წევრები შეიკრიბნენ, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი სოლომონია ხელმძღვანელობდა. კომისიამ მოისმინა მისივე წევრის, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადება და ტენდერი გაუქმებულად გამოაცხადა. სუდაძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ტენდერის შეწყვეტა. ტენდერის გაუქმების მიზეზი ეს აღმოჩნდა და კომისის ოქმში არსად წერია, თუ რა იყო ეს ახლად აღმოჩენილი გარემოებები. ამის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს იმავე კახეთის გზატკეცილის გზის საფარის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად მერიის კეთილმოწყობის სამსახური სასწრაფო წესით კონტრაქტს უფორმებს შპს ,,იბერს“. კონტრაქტის ღირებულება კი 293 ათასი ლარია, 43 ათასი ლარით მეტი, ვიდრე იმავე საქმის გაკეთებაში ,,დაჩი“ ითხოვდა.
ზაზა ვეკუა ეჭვობს, რომ ,,იბერია“ ერთ-ერთი იმ კონტრაქტთაგანია, რომლის უკანაც კორუფციული გარიგება იმალება“, – წერს გაზეთი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნული კონტრაქტი აუცილებლად უნდა შეისწავლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ,,ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე საუბრობს.
,,არავის არაფერში ბრალს არ ვდებ, მაგრამ ჩაშლილ ტენდერსა და მერე ,,იბერთან“ სასწრაფო და გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაში ძალიან უშნოდ არის გაჩხერილი ავთანდილ სუდაძე და თუ დავით ნარმანია ამ კონტრაქტს შეისწავლის, ეჭვი მაქვს, მასში ბევრ საყურადღებოს აღმოაჩენს. ეს იმ დროს ხდება, როცა თბილისის მერი გამოდის და ,,ქამრების შემოჭერაზე“ გველაპარაკება, იფიცება, მერიის ბიუჯეტს საკუთარი თავივით გავუფრთხილდებიო და აჰა, შედეგიც, 43 ათასი ლარით აზარალეს ბიუჯეტი“,- წერს გაზეთი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მერიას თავისი ფავორიტი კომპანიები ჰყავს, რომლებსაც კონტრაქტებს პირდაპირი შესყიდვის წესით უფორმებენ და მისი ღირებულების საფასურსას სრულად ან ნახევრად წინასწარ უნაზღაურებენ.
,,მაგალითად, შპს ,,ცეკურს“ მერიამ ოთხი კონტრაქტი გაუფორმა, მათი საერთო ღირებულება კი 1 მილიონ 71 ათასი ლარი გახლდათ. ასევე, გამარტივებული წესით სამი კონტრაქტი გაუფორმდა შპს ,,დაგის“, რომელთა საერთო ღირებულება 565 ათას 918 ლარია. აქვე ფიგურირებს ზემოთნახსენები ,,იბერი“. ზემოთხსენებულის გარდა, მას კიდევ ერთი, 277 561-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმეს. საბოლოო ჯამში, ამ სამ ფირმას მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა 2 მილიონ 236 ათასი ლარის ღირებულების 8 კონტრაქტი გაუფორმა ისე, რომ ტენდერის ჩატარება აზრად არავის მოსვლია. ,,ცეკურსაც“ და ,,დაგისაც“ ამ კონტრაქტების ღირებულების 50% წინასწარ ჩაურიცხეს.
,,ცეკური“ ყოფილ ,,ნაციონალ“ დეპუტატ სერგო ხაბულიანს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად, ასევე, ყოფილი ,,ნაცდეპუტატების“ მიერ შექმნილი ფრაქციის, ,,უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრია პარლამენტში. მოგეხსენებათ, ეს ფრაქცია დღეს უმრავლესობაშია, ანუ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრია. შპს ,,დაგი“ კი ცნობილ მილიონერ ძმებ შარანგიებს ეკუთვნით“,- წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ჩამონათვალი, მერიის მიერ კონკრეტულ ფირმებთან გამარტივებული წესით გაფორმებული კონტრაქტების მხოლოდ ნაწილია.
,,თბილისის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პირველი 8 თვის განმავლობაში, მხოლოდ მერიის ცენტრალური აპარატის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 126 ჩაშლილი ან არშემდგარია, რომლის საერთო თანხობრივი მოცულობა 40 მილიონ ლარზე მეტია. შესაბამისად, ეს თანხა შემდეგ გამარტივებული წესით კონტრაქტების საფუძველზე კონკრეტულმა ფირმებმა აითვისეს. ტენდერების ჩატარების შემთხვევაში კი, ამ 40 მილიონიდან რამდენიმე მილიონი ბიუჯეტს დაეზოგებოდა“,- აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები