Petrocas Energy Group ფოთის ტერმინალით "როსნეფტის" დაინტერესებას ეხმაურება
კომპანია Petrocas Energy Group, რომლის შემადგენლობაშიც ფოთის ტერმინალის მფლობელი “ჩენელ ენერჯი” შედის, “როსნეფტის” მიერ ტერმინალით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც „კვირას“ Petrocas Energy Group-დან აცნობეს, “როსნეფტი” Petrocas Energy Group-ის ერთ-ერთი კომერციული პარტნიორია. მათივე ინფორმაციით, არ არის გასაკვირი, რომ Petrocas Energy Group-ისა და “როსნეფტის” შეთანხმება გულისხმობს ნავთობპროდუქტების ტრანპორტირებას მეზობელ სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით. Petrocas Energy Group-ის განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო დროს ქართულ საინფორმაციო სააგენტოებში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია რუსული სანავთობო კომპანია “როსნეფტის” ინტერესის შესახებ გამოიყენოს ქართული სატრანზიტო კორიდორი ჩვენს რეგიონში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით. “როსნეფტი” Petrocas Energy Group-ის ერთ-ერთი კომერციული პარტნიორია ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა BP, Total, Mobanaft და სხვა. ჩვენი ჯგუფი ამ კომპანიებთან თანამშრომლობს ტვირთების გადაზიდვისა და მომსახურების მიზნით. არ არის გასაკვირი, რომ Petrocas Energy Group-ისა და “როსნეფტის” შეთანხმება გულისხმობს ნავთობპროდუქტების ტრანპორტირებას მეზობელ სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით. Petrocas Energy Group-ის მთავარ მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენება, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკასთან მაქსიმალურად გაიზარდოს ტვირთბრუნვა სახელმწიფოს ხელში არსებული რკინისგზის მეშვეობით. გვინდა დავამატოთ, რომ Petrocas Energy Group-ის “როსნეფტთან” თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მსოფლიო სტანდარტების ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოს ბაზარზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე და სარგებელს მოუტანს ქართულ საზოგადოებას.”
Petrocas Energy Group ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ღია თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან და პოტენციურ პარტნიორთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის შექმნას საქართველოში”, – ნათქვამია Petrocas Energy Group-ის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ, რუსული კომპანია “როსნეფტი” ფოთის ტერმინალით დაინტერესებას ადასტურებს. როგორც “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა განაცხადა, ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის ტერმინალის მფლობელ კომპანია “ჩენელ ენერჯისთან” მიმდინარეობს მოლაპარაკება და უკვე გადახდილია თანხის 50%.