„შესაბამისი წესების მიხედვით, ინტერპოლს ზურა ადეიშვილის სიიდან მოხსნის უფლება ჰქონდა “

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საკითხში პროკურატურის წარმომადგენლები გაერკვევიან და ამის შემდეგ იქნება დამატებითი ინფორმაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ ადეიშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია წარდგენილი, აქ არის ერთ-ერთი ბანკის გაკოტრება, „იმედის“ წართმევა მეპატრონისთვის, როგორც აღმოჩნდა, მან ლტოლვილის სტატუსი მიიღო. შესაბამისი წესების მიხედვით ინტერპოლს იმის უფლება ჰქონდა, რომ ის მოეხსნა. ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლები საკითხში გაერკვევიან და შემდეგ უკვე დამატებითი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, 2015 წლის 9 აპრილს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი მიიღო, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გაუქმდა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას გეგმავს. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები