აფეთქების შედეგად დაზარალებულებს გლდანის გამგეობა დაეხმარება
გლდანის რაიონის გამგეობა მეორე მიკრორაიონში მდებარე 25-ე კორპუსის აღდგენით სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რაიონის გამგებელმა, ბესარიონ ქარცივაძემ განუცხადა, რომელიც აფეთქების ადგილზე იმყოფება.
გლდანის გამგებლის განმარტებით, ყველა ოჯახს ზარალი იმ ხარისხით აუნაზღაურდება, რა ზარალიც აფეთქების შედეგად მიიღო.
მისი თქმით თავდაპირველად კორპუსის დათვალიერება-შესწავლა მოხდება.
“ერთი შეხედვით ობიექტი არის პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებული: დაზიანებულია ლიფტის შახტები, მეცხრე სართულზე მოცულობით მონაკვეთზე აღარ არის სინკარული გადახურვა, ის ჩამოიშალა. ასევე, მერვე-მეცხრე სართულის მარჯვენა ფლიგელი პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებულია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ არა მარტო ამ კორპუსში, არამედ ახლო მდებარე სხვა კორპუსების მობინადრეების ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის შუშებიც კი ჩაიმსხვრა. გამგეობა ახლა მარცხენა მხარის ფლიგელზე სინკარის დემონტაჟს მოახდენს, რადგან არსებობს მისი გადმონგრევის საფრთხე. ამასთან, უახლოეს დღებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ყველა მობინადრესთან კონტაქტი გვაქვს და არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან დროებით რამდენიმე ოჯახის გაყვანა მოხდეს”, – განაცხადა ბესარიონ ქარცივაძემ.
გლდანში აფეთქება დღეს დილით მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ქალი, რომელიც აფეთქებით გამოწვეული ნგრევის შედეგად ე.წ. სინკარებს შორის მოყვა. მისი გამოყვანის ოპერაციას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებდნენ,თუმცა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამაშველო სამუშაოების პროცესში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან ქალბატონის გარდა კიდევ 3 პირის გამოყვანა მოხდა. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორ პირს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. გლდანის მე-2 მიკრორაიონის 25 კორპუსში, აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია.