ზაალ კასრელიშვილი: ალასანიას ძალიან უყვარს „მარიაჟობა“

„კავაკსიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტმა ზაალ კასრელიშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, საქართველოს გარდა ყველამ იხეირა.
„სახელმწიფო საიდუმლოზე ჩვენ არასოდეს გვისაუბრია, ძალიან ცუდია ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერება. ამით, საქართველოს გარდა, ყველამ იხეირა. განსაკუთრებით კი რუსეთის ხელისუფლებამ, ის სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს. მარტივი არ იქნება დამნაშავის გამოვლენა, თუმცა ის ნათლად ჩანს, რომ ალასანია გამწარებული, გაღიზიანებული და გაბოროტებულია“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ამასთან, კასრელიშვილმა ისიც განაცხადა, რომ დასავლეთი არა ალასანიას, არამედ მის მიერ დაკავებულ თანამდებობას სცემდა პატივს. „ჩვენ ამის შესახებ სულ ცოტა 9-ჯერ მაინც გავაფრთხილეთ, თუმცა პატარა ბიჭმა არ გაიგონა, ახლა კი დგას და საქართველოს მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს“,- აცხადებს კასრელიშვილი გამოცემასთან საუბრისას. რაც შეეხება ალასანია – ჯანელიძეს შორის არსებულ ურთიერთობას, მან განაცხადა, რომ ალასანია გაბუტული ბავშვის პოზიციას ჰგავს, რომელიც გატყიპეს და გამოაგდეს. „ეს ყველაფერი გაბუტული ბავშვის პოზიციას ჰგავს, რომელიც გატყიპეს და გამოაგდეს. ალასანია ეროვნული უსაფრთხოების გამო რომ გადამდგარიყო, დღეს ის პირველი პოლიტიკოსი იქნებოდა, ახლა კი ეჭვი გაჩნდა იმისა, რომ ამ კაცს შესაძლოა, პროკურატურამ ხელი სტაცოს“,- განაცხადა „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტმა. კასრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ ალასანია შეიძლება სულ მალე გაკოტრდეს და ნოღაიდელის დონის პოლიტიკოსად იქცეს. „დაჭერას არ ვგულისხმობ, მაგრამ ალასანია შეიძლება სრულიად გაკოტრდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე ის ნოღაიდელის დონის პოლიტიკოსად იქცეს. თუ ირაკლიმ ბრალდების მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ის პოლიტიკიდან საერთოდ გაქრება“,- განაცხადა კასრელიშვილმა. მისივე თქმით, ალასანია დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ შეგნებულად მიდის, თუმცა ამ ძალის სკანდალის აგორებას ვეღარ შეძლებს. „ალასანიას ძალიან უყვარს „მარიაჟობა“. ყველა მისი გამოსვლა თეატრალიზებულია, ის ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება პრორუსული ორიენტაციის ძალად წარმოაჩინოს“,- აცხადებს კასრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები