სამ თვეში საქართველოში მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საავიაციო ქარხნის მშენებლობა დაიწყება

სამ თვეში საქართველოში მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საავიაციო ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაული კომპანია „ელ ბიტისა“ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობასთგან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საავიაციო ქარხნის მშენებლობა თბილისში, აეროპორტთან ახლოს იგეგმება. საუბარია 85 -მილიონიან პროექტზე, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ებრაულ კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნას. საწარმოში კომპოზიტური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები. ქარხანა აწარმოებს ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავის დეტალებს.
,,მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ყველა დეტალი შეთანხმებულია. გვქონდა შეხვედრა, სადაც უკვე საპარტნიორო მოდელზე შევთანხმდით. ეს იქნება სრულიად ახალი საავიაციო წარმოება, რომელიც აწარმოებს წამყვანი საავიაციო კომპანიების თვითმფრინავების ნაწილებს. საუბარია ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და ა.შ. თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავების დეტალების წარმოებაზე. საქართველოში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხანის, მშენებლობა 3 თვეში დაიწყება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაღალტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო საპარტნიორო ფონდთან და ებრაულ კომპანია ელ ბიტთან ერთად იწყებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Elbit Systems ltd მსოფლიოში წამყვან თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, რომლის ჯგუფში შემავალი საწარმოები როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საავიაციო ნაწილებს და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები