გიორგი კვირიკაშვილი რუსთავში “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მშენებარე ქარხანას დაათვალიერებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რუსთავში, დღეს, 13:00 საათზე, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მშენებარე ქარხანას დაათვალიერებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ქარხანას დაათვალიერებენ: პარლამენტარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, სსიპ “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია და სხვა ოფიციალური პირები. მშენებარე ქარხანა, რომელმაც სამშენებლო მასალა უნდა გამოუშვას, შპს ,,იბერია სთილს,” ეკუთვნის. კომპანიამ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში 1 500 000 აშშ დოლარის იაფი სესხი მიიღო, საიდანაც მთლიანი საპროცენტო განაკვეთის ათ პროცენტს, პირველი ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მეწარმოების განვითარების სააგენტო დააფინანსებს. საწარმოში ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ ,,იბერია სთილი” გაფართოებას და საჭირო ტექნიკის შეძენასაც გეგმავს. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. ქარხანა სრული დატვირთვით 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ,,იბერია სთილში” 160 ადამიანი იქნება დასაქმებული.