ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე წუთის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ხარძიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის უცნობია პირი, რომელმაც ბიზნესმენს ესროლა.
ასევე უცნობია დაჭრილი ხარძიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძიანი ნარკოდანაშაულისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს. ხარძიანი კუს ტბის წილის მფლობელი იყო. ბიზნესმენი აცხადებდა, რომ მას ქონება იძულებით გადააფორმებინეს. ბესიკ ხარძიანი ციხიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა.
ამასთან, 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,   ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა კუს ტბის წილები დაიბრუნა. სასამართლომ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო და ბიზნესმენს საკუთრების უფლება აღუდგინა.
„პროცესი მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში. უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა თეა ხამხაძემ, რადგან ამხელა დაბრუნება კერძო სამართლის ნაწილში მანამდე არ მომხდარა. მადლობა მინდა ვუთხრა მას და პოლიტიკურ ცვლილებას, სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. ასევე, მინდა, ყველა დაჩაგრულ,ქონებაწართმეულ ბიზნესმენს სამართლიანობის აღდგენა ვუსურვო”, – აცხადებდა ბესო ხარძიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები