ირაკლი ღარიბაშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1 მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას, ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ არსებობს ნდობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის მიმართ. პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს შეადგინა 1 მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2013 წლის მონაცემებს 39%-ით აღემატება. ამავე პერიოდში რეინვესტიციის რაოდენობამ მთლიანი უცხოური ინვესტიციების 21% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, 343 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა, 295 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე გადამამუშავებელი მრეწველობა, 174 მილიონი აშშ დოლარით. გასულ წელს შემოსული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ. 78 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები. სულ ახლახან დაიწყო „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 4,7%. „ასევე მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინასწარი შეფასებით შეადგინა 4,7%. ამასთან, გასულ წელს, პირველ კვარტალში, მშპ-ს ზრდამ 7,2% შეადგინა, მეორე კვარტალში – 5,2 %, ხოლო მესამე კვარტალში – 5,6%. ეს იმ დროს, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებში, ევროპაში იყო საგრძნობი კლება. 9 თვის განმავლობაში გასულ წელს ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა მშენებლობა, 16,3%-ით და ფინანსური შუამავლობა 10,6%-ით. ასევე მაღალი ზრდები გვაქვს გადამამუშავებელ მრეწველობაშიც – 9,1%-ით, ტრანსპორტში გვაქვს 8,5%, ვაჭრობაში – 8%, კომუნიკაციებში – 6,2%, უძრავ ქონებაში – 6,1%, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში – 5,1%. გასულ წელს, წარმმართველი როლი ეჭირა კერძო სექტორს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები