შეჩერდება თუ არა ლარის გაუფასურება – გიორგი ქადაგიძის განმარტება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
როგორც ქადაგიძემ განმარტა, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შესრულდება წლის მეორე ნახევარში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 5%-იან ნიშნულს მიაღწევს. “მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, იმის გამო, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი, სწრაფად ინფლაციის იმპორტს ჩვენ არ ვაკეთებთ, ამიტომ ვაკვირდებით მოვლენებს”, – განაცხადა ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა.
“ეს გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს მოქმედებას და ჩვენი საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომლის შედეგი იქნება განეიტრალება და იმ ზიანის შემსუბუქება, რომელიც მიიღო მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელზეც მქონდა საუბარი”, – განაცხადა ქადაგიძემ.