ხადური: ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არც აქამდე ყოფილა და არ იქნება
ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არც აქამდე ყოფილა და არ იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს, დაუბრუნდება თუ არა ლარი გაუფასურებამდე არსებულ მაჩვენებელს და აცხადებს, რომ პროგნოზების გაკეთება მისი მხრიდან პასუხისმგებლიანი არ იქნება.
“ჩვენ, ეროვნული ბანკი და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არ იყოს, არც აქამდე ყოფილა და არ იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თებერვალში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე იანვარში.
“შევხედავათ მარტის მაჩვენებელსაც, რომელიც გვეცოდინება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვე დასრულდება. გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ 4,8%-იან ზრდას, რაც უდავოდ მაღალი მაჩვენებელი იყო, მათ შორის რეგიონში. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, მაგრამ გარე შოკებზე რეაგირებისთვის გვჭირდება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ღონისძიებების განხორციელება, არამედ, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების დახმარება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.