ქართული ღვინო ვერონის ,,vinitaly“-ში გოგლა ჟვანიას კომპანიამ წარადგინა (ფოტოკოლაჟი)
მარტის თვეში ვერონაში ტრადიციული ,,ღვინის დეგუსტირება“ ანუ ,,vinitaly“ უკვე 49-ედ გაიმართა.
წელს მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კომპანიამ მიიღო. ძირითადად აქ მაინც იტალიის 20 რეგიონის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ქართული ღვინის ნაწარმი იტალიის ,,vinitaly“-ში ბიზნესმენ გოგლა ჟვანიას კომპანია ,,ტიბანელმა“ წელს პირველად წარადგინა. მან ვერონაში 2012 წლის საფერავი, ქინძმარაული, ალავერდის მონატრის წითელი მშრალი და ქვევრის ღვინო ჩაიტანა.
ჩვენთან საუბარში გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ,,vinitaly“-ში პირველად იღებს მონაწილეობას:
– მიკვირს, რომ ამ ღონისძიების შესახებ აქამდე არაფერი მსმენოდა,- ჩემი აქ მონაწილეობა სპონტანური იყო და შეთავაზება უკრაინული კონიაკის კომპანიის ,,drink +“ ის წარმომადგენლის, ოლგა მარკოველისგან მივიღე, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს“,- განაცხადა მან.
ჩვენს კითხვაზე აპირებს თუ არა ის იტალიაში საქმიანობის გაფართოებას, გოგლა ჟვანიამ გვიპასუხა:
-ამწუთას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საერთოდ დიდი მოლოდინი მაქვს, შედეგებს,- გაყიდვებიდან გამომდინარე შევიტყობ. მოგეხსენებათ, რომ იტალია ღვინის მწარმოებელი ერთ -ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ვერონაში გამართულ დეგუსტირების საშუალებით ევროპის ბაზარზე ჩვენი ღვინოც თავის ადგილს დაიმკვიდრებს. მოგახსენებთ, რომ მე ღვინის მაღაზია გერმანიაში, კერძოდ ბერლინში მაქვს.
–როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ გერმანიის მსგავსად, ღვინის მაღაზიას იტალიაშიც ხომ არ გახსნით? –
სამომავლოდ არ ვიცი, მაღაზიის გახსნას იტალიაშიც თუ გადავწყვეტ,- ამ ეტაპზე არაფერს ვგეგმავ, შემოთავაზებიდან გამომდინარე, მოვიფიქრებ, როგორ მოვიქცე.
აღსანიშნავია, რომ ვერონის ,,vinitaly“-ში მონაწილეობას გოგლა ჟვანიას კომპანიის გარდა ქართული ღვინის კომპანიები ,,მარნის კარის“ და ,,ძმები ასკანელი“ იღებდნენ. კომპანიას ,,ძმები ასკანელი“ იტალიაში ჩატანილი ჰქონდა ისეთი ღვინოები, როგორიცაა,- წინანდალი, ტვიში, მუკუზანი და ქინძმარაული. კომპანია ,,მარნის კარმა“ კი,- საკუთარი ნაწარმი, ღვინოები ოჯალეში, კისი და უსახელაური წარადგინა.
ღვინის დეგუსტაციას იტალიაში ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი სომელიები.
ჩვენ გავესაუბრეთ იტალიელ სომელიეს დანიელე მოსკატელლი, რომელმაც კითხვაზე ქართული ღვინის შესახებ რაიმე თუ სმენია,- გვიპასუხა: -ზოგადად ვიცი, რომ საფერავი საქართველოდანაა, მაგრამ ქართული ღვინო არასოდეს გამისიჯავს. დღეს რამდენიმე მათგანი პირველად დავაგემოვნე და შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით კი გოგლა ჟვანიას კომპანიის მიერ წარმოდგენილი ღვინო ქინძმარაული და კომპანია ,,ასკანელი ძმების“ ღვინო მუკუზანი.
–შეგიძლიათ, თქვენ, როგორც სომელიემ ქართული ღვინის დაგემოვნებით გამოწვეული საკუთარი შეგრძნებები გადმოსცეთ? – შევეცდები: კომპანია ,,ტიბანელის“ 2013 წლის ქინძმარაულს განსაკუთრებული დელიკატური გემო აქვს. მასში საუკეთესოდაა შერწყმული სხვადასხვა ხილი, განსაკუთრებით დიდხანს გრჩება ალუბლის არომატი. 1988 წლის წითელი, მშრალი მუკუზანი ძალიან რბილი დასალევია, მას მუქი ლალისფერი შეფერილობა აქვს. ,,ღვინის დეგუსტირება“ ანუ ,,vinitaly“ ტრადიციულად მომავალ წელსაც ვერონაში გაიმართება, მაგრამ ქართული ღვინის მწარმოებელი რომელი კომპანიები შეუერთდებიან მას სამომავლოდ,- ამას დრო გვიჩვენებს.
იტალიის ქალაქ ვერონადან პორტალი ,,კვირის“ სპეცკორესპონდენტი ელენე ბარძიმაძე






