ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებიდან შერჩეულ შვიდ საუკეთესო კანდიდატთან ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრები, რომლის მიზანია კანდიდატებთან გასაუბრება მათთვის საინტერესო საკითხებზე და პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე გაცნობა.
ქავთარაძის განმარტებით, ოთხ კანდიდატთან უკვე ჩატარდა აღნიშნული ხასიათის შეხვედრა და ეს პროცესი გრძელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია 2015 წლის სექტემბრამდე უნდა გამოვლინდეს.
„ამ საქმიანობაში აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახური და ყველა ის უწყება, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ესა თუ ის საკითხი. რამდენიმე კანდიდატი უკვე იყო ჩამოსული ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრებისთვის, ზოგიერთ მათგანს შევხვდით რამდენჯერმეც. ამ ეტაპისთვის ოთხ კანდიდატთან გვაქვს ჩატარებული ასეთი შეხვედრა, ერთი კანდიდატი ამჟამად იმყოფება საქართველოში და ამ კვირაში ველოდებით კიდევ ერთი კანდიდატის წარმომადგენლების ჩამოსვლას. დანარჩენი მონაწილეები თვის ბოლომდე ალბათ ჩამოვლენ. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობით“ – განაცხადა ბრიფინგზე ირმა ქავთარაძე. მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო იმ კომპანიების დასახელებები, რომლებიც „მოკლე სიაში“ შევიდნენ. ესენია: 1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE); 2. MITSUI & CO, LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM); 3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); 4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG); 5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM); 6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM); 7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA) ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ძირითადად რითი ინტერესდებიან კომპანიები ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრებზე, ირმა ქავთარაძემ განმარტა, რომ მათი ინტერესის სფეროში არის როგორც ტექნიკური, ასევე გარემოსდაცვითი ტექნიკური ხასიათის საკითხები.
„არის ასევე შეკითხვები ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, მაგალითად, აინტერესებთ, არის თუ არა გათვალისწინებული საერთაშორისო არბიტრაჟის მუხლი. რა თქმა უნდა არის. ჩვენს სამინისტროს ამ პროცესში ეხმარებიან კონსულტანტები, მათ შორის არის რამდენიმე ცნობილი გერმანული და ინგლისური იურიდიული კომპანია. ასევე გვყავს ტექნიკური და ფინანსური მიმართულების კონსულტანტები და ჩვენ მათთან ერთად ვართ ჩართული ამ პროცესში. მაგალითად, ტექნიკური კონსულტანტების დახმარებით მომზადდა ხელშეკრულების სამოცდაათგვერდიანი დანართი, რომელიც გაეგზავნათ „მოკლე სიაში“ არსებულ კომპანიებს. ეს დანართი აღწერს, თუ როგორი ფორმით უნდა იქნეს წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ იმ კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საბოლოო კანდიდატის შერჩევა. როგორც ირმა ქავთარაძემ განმარტა, არის ოთხი ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის: გარანტიის საფასური, რომელიც არ უნდა იყოს 20 მილიონ დოლარზე ნაკლები, კანდიდატების წინადადებები და მოსაზრებები ხელშეკრულების შესახებ, ტვირთების მოზიდვის გეგმა და პორტის კონცეფცია. „საბერთო ჯამში, ოთხივე კრიტერიუმს შეაფასებს სამთავრობო კომისია, ამის შედეგად მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება, წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა“, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები