თურქეთში დაღუპული ქართველი გოგონა ლანჩხუთის პირველ სკოლაში სწავლობდა – რას ჰყვება “კვირასთან“ დირექტორი

თურქეთში, ქალაქ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი გოგონა ქალაქ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა თამაზ კილაძემ აღნიშნა, 9 წლის ანა მუკბანიანი მეოთხე კლასში იყო. მისივე ინფორმაციით, გოგონა პარასკევს გაკვეთლებს დაესწრო, შაბათს კი ის დედამ თურქეთში ბებიის მოსანახულებლად წაიყვანა. ამავე სკოლის მეექვსე კლასში სწავლობს დაღუპული გოგონას დაც.
“ანა ძალიან კარგი, მოწესრიგებული მოსწავლე იყო. პარასკევს გაკვეთილებს დაესწრო, შაბათს დედამ თურქეთში ბებიის მოსანახულებლად წაიყვანა, რომელიც იქ სამუშაოდ არის წასული. როგორც გავიგეთ, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. შეგვძრა ამ საზარელმა ამბავმა“, -აღნიშნა “კვირასთან“ თამაზ კილაძემ.
თურქეთში დაღუპული გოგონა ლანჩხუთში უკვე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ 9 წლის ქართველი გოგონა თურქეთის ქალაქ რიზეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონა ქალაქ რიზეში დედასთან და მცირეწლოვან დედმამიშვილთან ერთად სეირნობდა, მან დედას ხელი გაუშვა და ქუჩის გადაკვეთა დააპირა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. გოგონა საავადმყოფოში მძღოლმა გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მძღოლი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები