ირაკლი სესიაშვილი: “ნაციონალებს” შეუძლიათ მოთხოვნა ყოველდღე მამაო ჩვენოსავით იმეორონ

 „ნაციონალებმა“ რუსთველზე არ ჩაატარეს აქცია, ალბათ მაინც გაუჭირდათ მათ მიერ დაყენებულ სისხლის გუბეებში დამდგარიყვნენ და ამას მივესალმები“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას გააკეთა. დეპუტატმა აქცენტი აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობაზე და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა კლებაზე გააკეთა. სესიაშვილმა მოსახლეობის ის ნაწილიც დაამშვიდა, რომელთაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიში აქვთ.

„რაც შეეხება თავად აქციას, ერთი თვით ადრე რომ დააანონსებ, ეთერში ატრიალებ, ამდენ ფულს დახარჯავ მთელი საქართველოს მასშტაბით და მხოლოდ 12 000 -მდე მხარდამჭერს რომ მოაგროვებ, ეს ცხადყოფს, რომ ისინი დღითი-დღე მხარდამჭერებს კარგავენ და ეს დღევანდელმა აქციამაც დაადასტურა. ეს აქცია რეალურად მთავრობის გადადგომის მოთხოვნისკენ არ იყო მიმართული, „ნაციონალებმა“ კარგად იციან, რომ მათ დაკრულზე არათუ არ გადადგება, წარბსაც კი არ შეირხევს დღევანდელი ხელისუფლება. მათ შეუძლიათ ეს მოთხოვნა ყოველდღე მამაო ჩვენოსავით იმეორონ. მათი მიზანი იყო, რომ როგორმე არსებული რესურსი, აქტივი შეენარჩუნებინათ. კამერა 360 გრადუსით ტრიალებს, ტრანსლიაციისას შევნიშნე, რომ კამერა მხოლოდ 50 გრადუსით ტრიალებდა სცენარისტებმა კი ისე წარმოაჩინეს, თითქოს დიდი რაოდენობა იყო. ჯერ ხელისუფლებაში მყოფებმა მოატყუეს ხალხი, ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ცდილობენ იგივე ნიშის დაკავებას. მინდა, საზოგადოების ის ნაწილი დავამშვიდო, რომელთაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შიში აქვთ და ვუთხრა რომ, ამ შავი პიარით „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან და ამის ავტორი ხალხი იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები