„კეზერაშვილთან დაკავშირებული ფოთის ნავთობტერმინალი რუსულმა "როსნეფტმა" იყიდა“

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით გაყიდულია  ბათუმის ნავთობტერმინალიც

 ფოთის ნავთობტერმინალი “ჩენელ ენერჯი” და ბათუმის ნავთობტერმინალი, რომელიც ამჟამად ყაზახური კომპანიის ხელშია, რუსულმა კომპანია “როსნეფტმა” იყიდა, – ამის შესახებ „კვირას“ „ჩენელ ენერჯის“ ყოფილი მფლობელის თამაზ ნიჟარაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ობიექტების ღირებულების 50 % კომპანიამ უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდას სადავო საქმეების მოგვარების შემდეგ გეგმავს. როგორც „კვირას“ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, 27 თებერვალს “ჩენელ ენერჯის” ყოფილმა მესაკუთრემ თამაზ ნიჟარაძემ და მისმა ადვოკატმა “როსნეფტის” წარმომადგენლებს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს. მისი თქმით, კომპანიის ყოფილმა მფლობელმა, რომელიც სასამართლოში მოსარჩელე მხარეა, “როსნეფტის” წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ობიექტის საკითხი სასამართლოს დავის საგანია.
xachapurize_1994 „27 თებერვალს ჩვენ „როსნეფტის” წარმომადგენლებს, კერძოდ, იგორ სეჩინს ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ და ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ფოთის ნავთობტერმინალი “ჩენელ ენერჯი” დღემდე სასამართლო დავის საგანია. თუ „როსნეფტი“ მთლიანად დაესაკუთრება ფოთის პორტის ნავთობტერმინალს, მაშინ რუსული კომპანია სასამართლოში მოპასუხე მხარედ ჩაერთვება და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ფოთის პორტის ნავთობტერმინალის რუსების ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, პოლიტიკურ საფრთხეებსაც ხედავს.
„თუ ფოთის პორტის ნავთობტერმინალი რუსების ხელში მთლიანად აღმოჩნდა, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში აგვისტოში იგივე მოვლენები განვითარდეს, რაც უკრაინაში მოხდა. აგვისტოში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს, რაც რუსეთს არ სურს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგორ სეჩინი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ აგვისტოში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „როსნეფტმა“ ნავთობტერმინალი გადაკეტოს და მაშინ რითი გვინდა ვისარგებლოთ… ნავთობტერმინალი ხომ რუსების ხელში იქნება… სრული კატასტროფაა მოსალოდნელი“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
„კვირა“ საკითხის გასარკვევად “როსნეფტის” დაუკავშირდა. თუმცა, ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.
კომენტარისგან თავი შეიკავა ფოთის პორტის წარმომადგენელმა, იურისტმა კახა შარაბიძემაც და „კვირას“ კითხვები უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავის ერთ-ერთი მოპასუხე მხარე ფოთის პორტიც არის.
როგორც ცნობილია, “ჩენელ ენერჯის” ყოფილი მესაკუთრე თამაზ ნიჟარაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივის და კომპანიის დაბრუნებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება კომპანია “ჩენელ ენერჯი“.
Poti_port“საერთაშორისო “გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს „ჩენელ ენერჯი“ დავით იაკობაშვილმა შეიძინა.
„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა, რომლებსაც, ჩვენი ინფორმაციით, მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით). როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო“, – ნათქვამია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“  მოკვლეულ მასალებში.
როგორც ცნობილია, რუსული ნავთობკომპანია “როსნეფტი” შავი ზღვის შელფის ათვისებითაა დაინტერესებული, რაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ძვირ მონაკვეთადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ექსპერტები ხშირად “როსნეფტის” პოლიტიკური ინტერესების დომინირებაზე საუბრობენ. 2009 წლიდან “როსნეფტი” აფხაზეთის აკვატორიაში გააქტიურდა და მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან საძიებო სამუშაოების დაწყების ნებართვაც მიიღო. “როსნეფტის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რესურსების მარაგის წინასწარი შეფასება დაახლოებით 270 მილიონი ტონაა. სხვადასხვა მონაცემით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება, აქედან – 28-ის – ბულგარეთის, 82-ის – რუმინეთის, 20 -ის თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები