1 აპრილს თბილისს ლატვიელი რეჟისორი ალვის ჰერმანისი ეწვევა
1 აპრილს, თბილისს პირველად ესტუმრება თეატრის სამყაროში აღიარებული ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდუსერი და სცენოგრაფი ალვის ჰერმანისი სპექტაკლით „ხანგრძლივი ცხოვრება“, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზეც მხარეები მხარს დაუჭერენ საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფიული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის სათანადო ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას და საზოგადოებისათვის ყველაზე მწვავე სოციალური საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას. ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და ლატვიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ელიტა გაველე.
მემორანდუმის ფარგლებში 1 აპრილს, თბილისს პირველად ესტუმრება თეატრის სამყაროში აღიარებული ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდუსერი და სცენოგრაფი ალვის ჰერმანისი სპექტაკლით „ხანგრძლივი ცხოვრება“.
ჰერმანისმა სპექტაკლი დადგა „ახალი რიგის თეატრში“, რომელიც თავად დაარსა 1992 წელს, ხოლო 1997 წელს იგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ჰერმანისის დადგმის სტილი „პოსტდრამატული თეატრთან“ ასოცირდება. იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია, რომელსაც ინტენსიურად იწვევენ სპექტაკლების დასადგამად, ხოლო „ახალი რიგის თეატრი“ მსოფლიო წამყვანი თეატრალური ფესტივალების ხშირი სტუმარია. პროექტი ხორციელდება ლატვიის საელჩოსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში. ხოლო პროექტის მხარდამჭერია „ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი“ . სპექტაკლი „ხანგრძლივი ცხოვრება“ ნაჩვენები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეტრში, 1 აპრილს. ეს არის საქველმოქმედო წარმოდგენა და ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“.
19 მარტის მონაცემებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში ონკოლოგიური დაავადების მქონე 75 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება 2 028 000 ლარით დამტკიცდა. ფონდის მხარდაჭერით 45 პაციენტის მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 30 პაციენტი, საქართველოში მიმდინარე მკურნალობის პარალელურად, უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ გამგზავრებას კონკრეტული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ჩარევისათვის, მათ შორის, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.