თამარ სანიკიძე ფილმის ჩვენებაზე: მოკვლევის წინასწარი შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძე სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობის ამსახველი ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც დღეს მედიის წარმომადგენლებს მინისტრმა განუცხადა, ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული მოკვლევის წინასწარი შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, სწორედ წინასწარი მონახაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი იმაზე, ვის მიუძღვის ბრალი ბავშვთა უფლებების დარღვევაში, თუმცა, მინისტრის შეფასებით, პროცესები პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა. “იმას, რომ პროცესი შეიცავდა მართულის და პროვოკაციის ელემენტებს, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ და ეს იყო მიზეზი, რომ დაგვეწყო მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რა მოხდა რეალურად. კვირის ბოლოს გვექნება გარკვეული მონახაზი და ამის შემდეგ უკეთ შეგვეძლება საუბარი. პროცესები აშკარად პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა და მოკვლევა დავიწყეთ ზუსტად იმიტომ, რომ არ მოხდეს ვინმეს უკანონოდ დასჯა, ცილისწამება და ასე შემდეგ. თემა სენსიტიურია და აქედან გამომდიარე, უმჯობესია დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.