„ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“ – საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართა
თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ ქალბატონების ფოტოები, რომლებიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანს ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა. ღონისძიების დასასრულს „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციას“ მოეწერა ხელი. პეტიციის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ღონისძიების მხარდამჭერი იყო თბილისის საკრებულო, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო დარბაზი გამოფენას. ღონისძიების მედიადაფარვას „ჯეპრა“ უზრუნველყოფდა.
შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშავდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. კამპანიის მიზანია გაზარდოს საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ქალებში სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად 1 000 000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და 900 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით. სიცოცხლის განმავლობაში რვიდან ერთი ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი. ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის თვალსაზრისით ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. არსებობს ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპი.
„ქალებმა არ უნდა დაკარგონ ძვირფასი დრო და სიცოცხლე იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო“, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1200-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 800-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 800 ოჯახის ტრაგედია და, სამწუხაროდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც – „დამიზნებითი თერაპია“.
რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიკურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. საქართველოში დამიზნებითი თერაპია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. „ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას EUROPA DONNA, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია EUROPA DONNA-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.