თბილისის მერია ახალ პროექტს – “ჩემი ეზო” იწყებს

თბილისის მერია ახალ პროექტს – “ჩემი ეზო” იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.
“პროექტი “ჩემი ეზო” თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის  სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების  სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს,  “ჩემი ეზოს” ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო”, – განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.
პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება.  კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის  რაიონის გამგეობა შეარჩევს.
პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების  განხორციელებას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები