121-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: უხარისხო ხორცის შესახებ ინფორმაცია ყველას შევატყობინე – ბავშვებთან როგორ მივიტანდი?!
121-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სარკოცისტოზით დაავადებული ხორცი არ მიუღიათ, – ამის შესახებ „კვირას“ ბაღის დირექტორმა ლალი მაისურაძემ განუცხადა. როგორც ლალი მაისურაძემ აღნიშნა, ბაგა-ბაღში ხორცი გუშინ საღამოს კომპანია “ფუდსერვისმა“ შეიტანა, დირექტორს კი პროდუქტი გარეგნულად არ მოეწონა.
„გუშინ საღამოს ხორცი კომპანია “ფუდსერვისმა“ შემოიტანა. როგორც კი ხორცს შევხედე, გარეგნობით არ მომეწონა და მაშინვე ყველა შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მივაწოდე. ბავშვებამდე ამას როგორ მივიტანდი?! პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ბაგა-ბაღების გაერთიანება. დღეს დილით საბავშვო ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მოვიდნენ, აიღეს ნიმუში და გამოსაკვლევად წაიღეს“, – აღნიშნა ლალი მაისურაძემ.
მისი თქმით, კომპანია „ფუდსერვისი“ ბაგა-ბაღებს ხორცით ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროიდან ამარაგებს. ლალი მაისურაძის ინფორმაციით, კომპანიამ საბავშვო ბაღების სააგენტოსთან ხელშეკრულება თითქმის 5 წლის წინ გააფორმა და დღემდე მოქმედებს. ამ ხელშეკრულების თანახმად, „ფუდსერვისი“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას საქონლის ხორცს აწვდის.
„კვირა“ კომპანია „ფუდსერვისს“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ისინი სხვადასხვა დაწესებულებას, ძირითადად, გაყინული ხორცით ამარაგებენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოაჩინა. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა.
კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი (სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია “ფუდსერვისი”. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან “ფუდსერვისის” მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.