ნიუ – ჯერსის შტატში დაღუპული რიგითი სოსო მაკარიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს (ფოტოკოლაჟი)
ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტი, რიგითი სოსო მაკარიძე თერჯოლაში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ცერემონიალზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, ასევე მაღალი რანგის სხვა ოფიცრები. თერჯოლაში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერებიც ჩავიდნენ. დაკრძალვას დაესწრნენ ასევე, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები. რიგითი სოსო მაკარიძე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და თერჯოლაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.